საქმიანი ადამიანების სიმპტომი – უძილობა

საქმიანი ადამიანების სიმპტომი – უძილობა

დაღლილობა, უხასიათობა, სისუსტე, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები – ეს და კიდევ ბევრი სხვა სიმპტომი უძილობას ახლავს თან. ერთი შეხედვით უწყინარმა და უამრავი ადამიანისათვის წესად ქცეულმა უძილობამ, უდიდესი ზიანი შეიძლება მოგვაყენოს. ცხოვრების რიტმის აჩქარებასთან ერთად, ბევრისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სამსახურის შემდეგ სახლში მუშაობა. “იქნებ საღამოს ცოტა კიდევ ვიმუშავო და არ გავცდე დედლაინებს„ – ამ ფრაზას, როგორც წესი, ყოველ საღამოს ვიმეორებ ჩემს კოლეგებთან ერთად და მომდევნო დღეს გამოუძინებლები, დილიდან დაღლილები ვბრუნდებით ოფისში. ხშირად, უბრალოდ არ გვყოფნის დღე ყველაფრის მოსასწრებად და ამისათვის ძილისთვის განკუთვნილ ძვირფას საათებს ვიყენებთ.

2-1

ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია 8 საათიანი ძილი, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. საჭიროა დააკვირდეთ თქვენს თავს და დააფიქსიროთ რა ხანგრძლივობის ძილის შემდეგ გრძნობთ თავს კარგად, მიმზიდველად და ენერგიულად.

საინტერესოა, რომ კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც 6 საათზე ნაკლები სძინავთ, მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. ფრაზა „დეპრესიაში ვარ“ გარკვეულწილად „მოდურ“ ტენდენციად იქცა, თუმცა, აღნიშნული დიაგნოზი დიდ პრობლემას წარმოადგენს 21-ე საუკუნეში და არ არის გასაკვირი, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ უძილობა გახდა (თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დეპრესია იწვევს უძილობას). ეს ორი სიმპტომი თითქოს ავსებს ერთმანეთს.

ქალების უმრავლესობას ძალიან ეშინია სიბერის, ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ სწორედ უძილობას შეუძლია გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება და ზოგადად, ვიზუალის მკვეთრი გაუარესება. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე შიშიც შეიძლება „დაგავიწყდეთ,“ რადგან მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც მკვეთრად იჩენს თავს უძილობის დროს.

დაბერება, მეხსიერების დაქვეითება, მოთენთილობა, დეპრესია და სისუსტე არც ისე მარტივად, მაგრამ შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან. ამისათვის საჭიროა მეტი ძილი! რეჟიმის დარეგულირება, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ მოხდება. დაიწყეთ უქმეებით, იძინეთ ერთი ან ორი საათით მეტი, რომ ეტაპობრივად აანაზღაუროთ „დავალიანება“ და დაასვენოთ თქვენი ორგანიზმი. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც

3-1