როგორია როცა წერ

როგორია როცა წერ

ჰომ…

გამარჯობა…

მე ხატია ვარ…

ახლა ვეცდები გადმოგცეთ ჩემი აზრები იმ თანმიმდევრობით, როგორც ამ წუთას არიან ჩემს თავში. საინტერესოა, აქამდე არასოდეს მიფიქრია, რომ წერა შვების მომგვრელი იქნებოდა. ახლავე აგიხსნით: მე ვწერ იმაზე, თუ როგორია როცა წერ. ალბათ სასაცილოა თქვენთვის, მაგრამ მე წრფელი გულით მინდა სათქმელი გადმოგცეთ.

როგორც მოგეხსენებათ, მე დიზაინერი ვარ და ჩემი ყოველდღიური სამუშაო არცთუ ისე მარტივია. მოითხოვს დიდ ენერგიას და მოთმინებას (დიზაინერები გამიგებთ), ხოლო ეს მარტივი თუ რთული პროცესი, რომელსაც წერა ჰქვია, მასვენებს როგორც ემოციურად,  ასევე ფიზიკურად. საინტერესო კი ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ამ დროს შენ გარშემო. წერის იდეა, ჩემი გადმოსახედიდან, მოიაზრებს საკუთარ თავთან, კალამთან (თუ ფანქართან) და ქაღალდის ფურცელთან მარტო ყოფნას. მე ამ ყველაფერს ქაღალდზე ვწერ სანამ ციფრულ ვერსიად გადავაკეთებ, ამას კი იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი ხელით დაწერილი სიტყვები უფრო სულიერი და რეალურია, ვიდრე კლავიატურაზე დაბეჭდილი ტექსტი.

3

აი ვზივარ და ვწერ იმაზე, თუ როგორ და რატომ ვწერ. აქ ვერ ნახავთ ვერც დიდაქტიკურ ფრაზებს და ვერც სამოტივაციო ტექსტებს. უბრალოდ გაიგებთ, რომ საკუთარ აზრებთან განმარტოვება და ყოველდღიურ მონოტონურობაზე ჩაფიქრება ხანდახან შეიძლება სასარგებლო იყოს… უბრალოდ ვწერ და ვხვდები, რომ ჩემი რეალობა, რომელიც დღეს ჩემთვის ასე ახლოა, იმდენად გაუაზრებელია, რომ გაანალიზების პროცესში ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრებისეული ხედვის კუთხე ალეწილია სივრცეში.

რთულია აკეთო ის რაზეც არ ფიქრობ? თუ პირიქით მარტივია? პარადოქსი! წერა დაგეხმარებათ რეალობის აღქმაში, დაფიქრდით რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. გაურბიხართ თუ არა საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, ან იქნებ სულაც მარტივია თქვენთვის ამაზე ფიქრის დახუჭვა… ყველას ჩვენი დემონი გვყავს, უბრალოდ ჩვენ მათ კარგად უნდა ვიცნობდეთ!

მოკლედ, მე ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ჩემს თავს ველაპარაკები, ხოლო ახლა ვცადე ეს ყველაფერი თქვენთვის გადმომეცა. გამომივიდა თუ არა ეს უკვე თქვენ შეაფასეთ, ან არ შეაფასოთ. უბრალოდ დაფიქრდით სანამ რამეს იფიქრებთ…

1

ხატია მალიშავა
დიზაინერი
წყარო: http://4p.com.ge/