ფროდაქთ ფლეისმენთი და “ჩემი ცოლის დაქალები“

ფროდაქთ ფლეისმენთი და “ჩემი ცოლის დაქალები“

1927 წელს გადაღებულ უილიამ ველმენის უხმო ფილმში სახელად Wings რამდენიმე წამით კადრი Hershley’s შოკოლადის ფილაზე ჩერდება, რომელსაც პილოტი გემრიელად შეექცევა – ეს ალბათ ფროდაქთ ფლეისმენთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შემთხვევაა (თუ არ ჩავთვლით 1919 წლის 25 წუთიან კომედიას The Garage, მანქანის ზეთის სარეკლამო პოსტერით ერთ-ერთ კადრში).

იყო დრო, როცა რეკლამას ველოდებოდი. უშუქო ოთხმოცდაათიანებში, როცა ყვითელ გენერატორს მოვმართავდით ბლანკოს ქვრივისა და საინფორმაციო გამოშვების საყურებლად, ჩვენთვის რეკლამებიც გართობისა და ინფორმაციის წყარო იყო .

ახალ წელს, მიყრუებულ თბილისში არაფერი ქმნიდა ზღაპრულ განწყობას, თუ არა „კოკა კოლას“ განათებული მანქანების რეკლამა „ახალი წელიას“ სიმღერით და „კოკა კოლა“ მაცივრისფუნქციაშეთავსებულ აივანზე.

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.

ჩემი აზრით, რეკლამა არასოდეს ყოფილა ისეთი მომაბეზრებელი, როგორც 21-ე საუკუნეში. ახლა რეკლამებს ვახვევ და ვახტები. თუ რომელიმე საიტზე შესვლისას რეკლამა ამოხტა და სამუდამოდ გაიშალა ეკრანზე, იქაურობას აღარც ვეკარები. შესაბამისად, ვფიქრობ, მე რომ მაგარი კომპანია ვიყო, სატელევიზიო რეკლამაზე ძალიან ცოტა ფულს დავხარჯავდი. თუ რეკლამაა, საინტერესო და განსხვავებული უნდა იყოს… ან უნდა იყოს იდეალური ფროდაქთ ფლეისმენთი!

ხოდა, მშვიდობით რეკლამავ (რეკლამის კლასიკური გაგებით), ფროდაქთ ფლეისმენთი უკვე ყველგანაა – ფილმებში, ვიდეო თამაშებში, გადაცემებში, მუსიკალურ კლიპებში (წიგნებშიცო – ამბობენ)… ამაში წარმოუდგენელი თანხა იხარჯება ყოველ წელს და რაც დრო გადის, ეს თანხა ორმაგდება (ან სამ-ოთხმაგდება). მაშინ, როცა ფლეისმენთი ორგანულადაა კადრში ჩასმული და ერწყმის სიუჟეტს,  რეკლამა „რეკლამა არაა.“ თუმცა, ერთი არასწორი გათვლა და მორჩა – „გამოდი, გიცანით!“

კარგი ფროდაქთ ფლეისმენთი არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება არ გააღიზიანო მაყურებელი და მეტიც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ჩაუტოვო მეხსიერებაში რომელიმე ბრენდის ლოგო ისე, რომ მისი ყიდვის განწყობა შეუქმნა. ალბათ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია ვინმემ ან რამემ რომელიმე პროდუქტის ყიდვა გაიძულოთ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ მე, „ლიკანის“ მომხმარებელი „ბორჯომის“ ერთგული მომხმარებელი გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს არ ვსვამ და ნაბახუსევიც არასოდეს მაწუხებს. უბრალოდ, „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებ.

რადგან ყველაზე წარმატებულ ქართულ სერიალს შევეხე, ბარემ გავაგრძელებ თემას და აღვნიშნავ, რომ პირველი სერია და ბოლო სეზონი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. „ბორჯომი“ სერიალის პირველივე სერიაში მომხვდა ყურში (ეს ის სცენაა, კლასის ბანკეტის შემდეგ კატოს ყოფილი ქმარი ნაბახუსევზე რომ ეკითხება „ბორჯომი“ გაქვს მაცივარშიო?). მაშინ გავიფიქრე, რომ ეს ის იყო (ან შეიძლება არც იყო, მაგრამ გავიფიქრე). ბოლო სეზონში კი აზარტულად დავიწყე ფლეისმენთების თვლა. დათოს და მისი მეგობრების ნაბახუსევებმა და ხინკლის სიყვარულმა განაპირობა ამდენი სხვადასხვა პაბი და რესტორანი სერიალში თუ პირიქით – ფლეისმენთებმა მათი ჭამა-სმა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე მათგანი კარგად დამამახსოვრდა და აქედან ზოგი ვიცოდი და გამიხარდა კიდეც რომ ვიცოდი.

მაინტერესებს ხოლმე სად დადის სერიალის ერთ-ერთი გმირი, მაკა. თუმცა, ჩემთვის ერთ სერიაში ჩაჭეჭყილი რამდენიმე კაფე თუ რესტორანი და მათ აბრაზე 3-4 წამით გაჩერებული კადრი ზოგჯერ ცოტა ზედმეტია (მაშინ, როცა ფლეისმენთი შეიძლება მენიუს ან მიმტანის უნიფორმის წარწერის საშუალებითაც მოხდეს). აი ბარბარესა და მაქსიმეს ნიშნობის ადგილის გასარკვევად კი, რამდენჯერმე გადავახვიე და დავაპაუზე.

 

4

 

პირველ ადგილზე მაინც „ბორჯომის“ ფლეისმენთს დავაყენებდი – ხშირად მხვდება თვალში, მშვენივრადაა მორგებული სიუჟეტს, საჭირო დროს საჭირო ადგილასაა და რაც მთავარია, არ მაღიზიანებს. მეტი რა მინდა. შემდეგ მოდიან: ნატურალური წვენი „ჩვენი“, „ზედაზენის“ ლიმონათი და ლუდი; ჩიფსი Frix და ყავა Julius Meinl. ამ უკანასკნელს, თვით ბაქარი და თენგო მიირთმევენ (სხვათა შორის ნელიკო და თინაც). მაღაზიაში მათი დანახვისას რაღაც მშობლიურის და ახლობელის გრძნობა მიჩნდება. Frix-ის მომხმარებელიც გავხდი (უფრო სწორედ ვიყავი, ახლა დიეტაზე ვარ).

 

gvanca

 

რაც შეეხება ტექნიკას, თუ სწორად მახსოვს, ლენოვოს ლეპტოპი აქვს ყველა პერსონაჟს. ყოჩაღ ლენოვო! ერთ-ერთ კადრში Dell-ის ლოგო ამოვიცანი, ბაქარის „საყვარლის“ ლეპტოპზე მიკრული იასამნისფერი პეპლის მიღმა. (მანამდე ასეთ რაღაცას თურქულ ფილმში მოვკარი თვალი – მანქანის ემბლემა შავი წებოვანი ლენტით იყო დაფარული და არ მომეწონა). ხო მართლა, ბაქარს და თენგოს აიფონები აქვთ, აბა როგორ 🙂

 

3-2

 

ბოლო სერიებიდან ყველაზე მეტად მაკა ანჯაფარიძის ჰიბრიდი მანქანა დამამახსოვრდა წარწერით #აირჩიეჰიბრიდი. როგორც ფლეისმენთი არ მომეწონა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გამახსენდა ეს ჰეშთეგი, მოვძებნე, გადავედი ლინკზე, ჰოპ და “ტოიოტას” საიტზე აღმოვჩნდი. დავტკბი ახალი RAV4 HIBRID-ის ფოტოებით. ეს არის პლატფორმა, რომლის მიზანია ჰიბრიდული ავტომობილების და ზოგადად, გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაცია. მეც მინდა ჰიბრიდი (ოღონდ ჯერ მართვის მოწმობა უნდა ავიღო).

მეათე სეზონი ფინალური ფლეისმენთით დასრულდა – ახალი სამშენებლო კომპანიით, რომლის კორპუსშიც ბაქარმა დათოს და ნინას ბინა აჩუქა.

„დირსიც“ უნდა აღვნიშნო –  ხვადასხვა რაკურსით რომ ატრიალებენ ყოველ წამს. სერიალმა ვერაფრით მომხიბლა ახლადგამომცხვარი ბიზნესმენის, ბაქარის ასევე ახლადაღმოცენებული „აპარტამენტებით.“

 

6

 

მოკლედ, ფროდაქთ ფლეისმენთი არ უნდა იყოს ისეთი, The Great Getsbi-ში რომ ჰქონდა Moët & Chandon-ს (მე მაპატიეთ, არ მომეწონა).

 

2

 

არც მთლად ასეთი  🙂

 

ფროდაქთ ფლეისმენთი ჩემთვის ხშირ შემთხვევაში “დამწვარი”, ზოგჯერ კი ძალიან მოხერხებული ფსიქოლოგიური მანიპულირებაა („ჯონსების ოჯახი“ მახსენდება ამ დროს – იდეალური ავტორიტეტის მქონე იდეალური ოთხეული და ოჯახური მარკეტინგის მსხვერპლი მეზობლები – იმ განსხვავებით, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაში, რეალურ ადამიანებთან მოქმედებდნენ).

აი მე, მაგალითად, ორ კატეგორიად დავყოფდი ფროდაქთ ფლეისმენთს:

  1. სხვას რომ აქვს და ჩვენც გვინდა;
  2. “იმას” თუ აქვს ესე იგი კარგია.

ასეა მეგობრებო, ხშირ შემთხვევაში ქვევრები ვართ, რასაც ჩაგვძახებენ იმას ამოვძახებთ –  თუ ვინც საჭიროა ის, საკმარისად ჭკვიანია იმისათვის, რომ ჩვენი ნებისმიერი ქცევა საკუთარი გადაწყვეტილება გვეგონოს.

გვანცა დელიბაშვილი
პრომოუშენ მენეჯერი
წყარო: http://4p.com.ge/