პიარები და მარკეტერები, როგორც როკები და მეტალიკები
პიარები, მარკეტინგები, ეს, ისე, თორემ, პიარი, მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაცია, დიჯითალ მარკეტინგი, ბრენდინგი, ბრენდკომუნიკაცია, რეკლამა, პრინტი, პოლიგრაფია, პრესსამსახური, პრომოუშენი – ერთი სასტავია ყველა. ერთი სასტავი ვართ ყველა. ერთ ქვაბში ვიხარშებით, ერთი რესურსით ვსარგებლობთ და ერთ ძარღვზე ვართ მიერთებულები. ჩვენი გარემოს (ვგულისხმობ საქართველოს) წარმომადგენლების დიდი ნაწილი, ჩვენი ჩათვლით, ამ სფეროებს აერთიანებს და ერთი საზომით ზომავს. ჩვენც არ ვართ ამის წინააღმდეგი, იდეაში, ან კი როგორ უნდა ვიყოთ, როდესაც ამ სფეროების თუ ერთიანი სფეროს წარმომადგენლებს ვერ გაგვიგია რომელი დარგი რომელ სფეროშია.
ზოგადი შესავლის მერე ვიტყვი, რომ სიტუაცია ტრაგიკული ნამდვილად არ არის. ვითარდება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი სფეროც, თუ დარგიც, თუ რაც არის. ჩვენც ვვითარდებით და დღეს მეტი ვიცით, მეტი შეგვიძლია, უკეთესად ვასრულებთ ამოცანებს, ვიდრე გუშინ. ვინც დავრჩით ვცდილობთ სტანდარტები ავამაღლოთ და გავაუმჯობესოთ ხარისხი. ახლები ვინც შემოდიან კი, უკვე შედარებით განვითარებული ბაზარი ხვდებათ და თამაშის ახალი წესებით თამაშობენ. კლიენტებმაც გაგვიცნეს და იციან ვინ ვართ, ჩვენგან რა უნდა მიიღონ. კლიენტების რაღაც ნაწილი მაინც არჩევს ვისი დარგი ვის სფეროშია.
რაც ბუქსაობს ჩვენს სფეროში, ეს კრიტიკაა. გნებავთ ანალიზი. მარკეტინგული პროექტების, თუ პიარ კამპანიების, სარეკლამო კლიპების, თუ ბილბორდების კრიტიკა ვერ ვითარდება. ამ მხრივ კრიტიკის თუ ანალიზის კლიშეები/ სტერეოტიპები კი იმდენად მყარია, რომ გასაქანს ვერ გვაძლევს და ჩვენი, პროფესიონალების, მარკეტერების და პიარმენეჯერების, რეკლამისა და დიზაინის სპეციალისტების შეფასებაც ამ დონეზე რჩება:
- რა გინდა, ხალხმა ხო ნახა?!
- ანტიპიარიც პიარია
- კარგი რეკლამაა, მაგრამ ვინ ყიდულობს?
- მაგარი უაზრო იდეაა და ვიღაცას ეს კრეატივი ჰგონია!
- საიტზე შევიდა საათში 30 ათასი, მეტი რა გინდა?!
- ამდენი ნახვა ეკასაც არ ჰქონია!
- ყველა დირკაში მაგაზე ლაპარაკობენ!
- ვინ მოიფიქრა, პროსტა, ასეთი საოცრება?!
- ნამეტანი ზაუმნია!
…ჩემს სტუდენტობაში როკს, ჰარდ როკს, ალტერნატიულ როკს, მეტალს და ყველაფერ მისთანას მარტივი ტერმინით როკები და მეტალიკები მოიხსენიებდნენ ხოლმე…
ჰოდა, სანამ ასეთი ზედაპირული იქნება შეფასება, სანამ რაოდენობრივი და შინაარსობრივი მაჩვენებლების ერთობლივად გაანალიზებას არ შევეცდებით, სანამ დროში არ გავზომავთ შედეგებს და კიდევ არ დაველოდებით შემდეგი რეზულტატების მიღებას უფრო სრულფასოვანი შეფასებისთვის, სანამ დირექტორის ან მინისტრის ტელევიზორში გამოჩენა და საიტზე შემომსვლელების რაოდენობა იქნება მთავარი, მანამ ვიქნებით ყველა პიარები და მარკეტინგები.
კახა მაღრაძე
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი
წყარო: http://4p.com.ge/